შალვა პაპუაშვილი – შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი
საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.
მისი თქმით, შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი.
„შეგახსენებთ, „საია“, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაცია და მისი ლიდერები, ჩართული იყვნენ საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, რომ სტრასბურგის სასამართლოში მხარი დაეჭირათ საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ საქმის წარმოებას, ამაში იყო ჩართული მაშინ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ ნაწილი. ამ შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა. დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, ეს იყო რუსეთი და რაც მთავარია, დამტკიცდა, რომ აქ არავითარი დამოუკიდებლობების აღიარებები და ქვეყნებს შორის შეთანხმებები და ა.შ. კი არ არის, არამედ არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც არის ოფიციალურად დადასტურებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.