სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავიარეისით მგზავრობისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ისინი აეროპორტის ტერიტორიაზევე ბრალდებულების სახით დააკავეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.