აფხაზეთის ომის ვეტერანი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია
ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, - განუცხადა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი მათიაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
გიორგი მათიაშვილის თქმით, არათუ დახვრეტა, დაჭრილ ტყვეებს მკურნალობდნენ და გადასცემდნენ აფხაზებს და შესაბამის მოწინააღმდეგე მხარეს.
„ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ. აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. არათუ გამოძიების პროცესში, საერთოდ არავისგან არც გამიგია ასეთი რამ, რომ ვინმეს აყვანილი ტყვე დაეხვრიტოს. არათუ დახვრეტა, როგორც გითხარით, დაჭრილ ტყვეებს მკურნალობდნენ და გადასცემდნენ აფხაზებს და შესაბამის მოწინააღმდეგე მხარეს. ეს ვიცი დანამდვილებით და შემიძლია არაერთი მოწმე მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. ალბათ, შესაბამის ჩვენებებსაც მისცემენ.
ალბათ რაღაც ბოროტი ზრახვები დგას უცხო ქვეყნის. ქართველ ადამიანს ასეთი აზრი არ მოუვა, ვისაც საერთოდ რაიმე ნატამალი საქართველოში არსებობის და ისტორიის. მტრის წისქვილზე წყალს ასხმას. შესაძლოა, სხვა ქვეყნის ისტორიაში არსებობს ასეთი რამ, შესაძლოა სხვაგან არის დაბადებული და გაზრდილი ეს ადამიანი, გიორგი ბარამიძე“, - აღნიშნა მან.
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.