გიორგი გელოვანი ბარამიძის განცხადებაზე: ამ განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, საქართველოს ინტერესები დააზიანა
არა მარტო პიროვნული სისულელე ჩაიდინა ამ განცხადებით, მართალიც რომ ყოფილიყო, არ უნდა თქმულიყო და მითუმეტეს ასეთი ტყუილი ადამიანისგან, რომელიც ძალიან შორს იყო საომარი მოქმედებებიდან, ძალიან მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ომის ვეტერანი, გიორგი გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას.
როგორც გელოვანი აღნიშნავს, ბარამიძემ ამ განცხადებით ზიანი საქართველოს ინტერესებს მიაყენა.
„ბარამიძის ისეთი ენა აქვს, მაგის ენას ძვალი მითუმეტეს არ აქვს და შეიძლება თქვას, რომ მშვიდობიან მოსახლეობასაც ვხვრეტდით. ეს სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება, ამ თავისი განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, ისედაც დამარხული იყო, მაგრამ საქართველოს ინტერესები დააზიანა.
არ მგონია, მისი ბოდიშით სიტუაცია გამოასწოროს, თვითონ უნდა ჰქონდეს დარჩენილი იმდენი შეგნება,რომ არა მარტო ქართველ მეომრებს, თუნდაც 300 ათას ლტოლვილ ადამიანს ბოდიში მოუხადოს“, - აცხადებს გიორგი გელოვანი.
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.