ლავროვი: რუსეთი თავად აირჩევს, თუ რომელი დასავლური გემი დააპატიმროს
მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ამ განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მიერ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და ევროკავშირის ამ მიდგომას სახიფათო გზა უწოდა.
„პუტინმა ძალიან მკაფიოდ, დარწმუნებით თქვა, რომ ჩვენ ასეთ ყაჩაღობას, მეკობრეობას სარკისებურად ვუპასუხებთ. მაგრამ აუცილებელი არ არის იმ აკვატორიებში, სადაც „ახლად გამოჩენილი მშვიდობისმყოფელები“ უკანონობას ჩაიდენენ. ჩვენ თავად ავირჩევთ სამიზნეებს. მიზანში ამოვიღებთ იმ გემებს, რომლებიც იმ ქვეყნების ინტერესებში მუშაობენ, რომლებმაც თავის ოფიციალურ პოლიტიკად ყაჩაღობა და მეკობრეობა გამოაცხადეს. ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ მოვექცეთ ასეთ გემებს“, - განაცხადა ლავროვმა.