სპორტის მინისტრი ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციათა გაერთიანების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების (CEADO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ჩეპიჩთან შეხვედრა გამართა. მაიკლ ჩეპიჩი ასევე გახლავთ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ფონდის საბჭოს წევრი და ავსტრიის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (NADA Austria) აღმასრულებელი ხელმძღვანელი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა (GADCEA) და ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციას (CEADO) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ ისაუბრეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორწლიან თანამშრომლობას საქართველოში მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.
შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე, ამავე სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო გამტკიცულაშვილი და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.