არჩილ გორდულაძე გვარამია-სამადაშვილის განცხადებებზე: როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის „ტრავმულ მეხსიერებად“ მოხსენიებასა და ყარაბაღის დათმობის მაგალითად მოყვანას, ასევე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის, ეხმიანება.
გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას უსამშობლოობის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უსამშობლოთა გაერთიანებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული საფუძველი. ნიკა გვარამიას ეს განცხადებაც უსამშობლოობის კლასიკური მაგალითია.
როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო? ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას, პატრონები ცდილობენ გატესტონ ახალი ნარატივი, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია. ამის დასაწყისი არის ბარამიძის განცხადება, თითქოს ქართველები ჩადიოდნენ ომის დანაშაულებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მოღალატეობრივი განცხადება. შემდეგ ამ ყველაფერს აყვა მათი გაგრძელება არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახით. კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგოც წარსულში, ისე აწმყოში ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.