წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გური ბაქრაძემ აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ბანაკის ფარგლებში შექმნილი კულტურული და შემეცნებითი ნამუშევრები და შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი თანატოლებსა და მიწვეულ სტუმრებს გაუზიარეს.

აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკი 10-18 აგვისტოს წყალტუბოში მოქმედებდა, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობდა.

ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. მისი მიზანი გახლდათ მოზარდებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც მათ ცოდნის გაღრმავების, ახალი უნარების განვითარების, თანატოლებთან ურთიერთობისა და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

საბანაკე პროგრამა მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და გასართობ აქტივობებს მოიცავდა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდნენ.

ახალგაზრდებმა თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქტიული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმიც დაათვალიერეს.

ბანაკის საგანმანათლებლო ნაწილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში, ითვალისწინებდა როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დისკუსიებს, ვიქტორინებს, შემოქმედებით დავალებებს, ისტორიულ-შემეცნებით ქვესტებს, ტექსტზე მუშაობას, გუნდურ შეჯიბრებებსა და ყოველდღიურ რეფლექსიას.

მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები, პოსტერები, მცირე ისტორიები და პრეზენტაციები. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სახალისო და შემეცნებით ღონისძიებებში. ბანაკის მონაწილეებმა საქართველოს საპატრიარქოს მიერ წარმოდგენილი სპექტაკლიც ნახეს.

ბანაკში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს დაეხმარება წიგნიერების, კომუნიკაციის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებაში. ამასთან, ბანაკი ხელს შეუწყობს მათში პასუხისმგებლობის, თანაგრძნობის, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და განსხვავებული მოსაზრებების მიღების უნარების განვითარებას.