ნიკოლოზ სამხარაძე – ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს, ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით
ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს. ეს არის უკრაინის უპირობო მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, განცხადება, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად შეუერთდა, რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები და აგრესია, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„ჩვენი პოზიცია ასეთი იყო ომის დაწყების დღიდან და ასე გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის უკრაინა მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ამით საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ვიცავთ. საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, უკრაინის დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა გადახედვას არ ექვემდებარება. ეს რეზოლუცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ამავე დროს, საერთაშორისო საზოგადოების მიმართ იყო კიდევ ერთი შეხსენება, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მის სახელმწიფოებრიობას აზიანებს. რა თქმა უნდა, რეზოლუციას მყისიერი რეაგირება არ მოჰყვება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მსგავსი რეზოლუციები ხშირად იყოს მიღებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
გაერო-ს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდებს.