უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია ელჩის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის სამხედროებს, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს.
ერთ-ერთ ვერსიის თანახმად, კულებას გარდა ელჩის თანამდებობაზე შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა დაინიშნოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია. ის თავდაცვის სექტორს კურირებს.
როგორც მედია იუწყება, ღირსეული კანდიდატის შერჩევის პროცესს ართულებს ისიც, რომ აშშ-ში ელჩის თანამდებობა დიპლომატიურ იერარქიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის მინისტრის მოადგილის პოსტსაც კი უტოლდება.
„აღნიშნული თანამდებობა ძალიან საპასუხისმგებლოა. იქ უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელიც ვიცე-პრემიერის, მინიმუმ მინისტრის, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის დონისაა“, - აცხადებდა მანამდე ზელენსკი.
ცნობისთვის, ზელენსკიმ 3 აგვისტოს აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) მას ბრალი წაუყენა. სტეფანიშინას უკანონო გამდიდრებასა და დეკლარაციის არასწორ შევსებაში ედება ბრალი.