თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული მილსადენები ახალი მილებით ჩანაცვლდა და მოეწყო ჰიდრანტები - სარწყავი წყლის მისაღები სპეციალური მოწყობილობები.
განახლებული ინფრასტრუქტურა ფერმერებს სარწყავი წყლის საიმედო და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში შეუწყობს ხელს.