მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები, საკანონმდებლო რეგულაციები, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსმა თამთა ფეტვიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საგამონაკლისო წესით მომართვიანობა შემცირებულია.
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ: „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“
ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.