ალექსანდრ სტუბი: არ მჯერა, რომ რუსეთს ოდესმე მოუნდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსზე, ნატო-ზე თავდასხმა
არ მჯერა, რომ რუსეთს ოდესმე მოუნდება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსზე, ნატო-ზე თავდასხმა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა გერმანულ გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე არ ვამბობ, რომ უნდა დავმშვიდდეთ. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რათა მისი თავიდან აცილება შევძლოთ“, – განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, რუსეთის „ინფორმაციული ომის“ მიზანი ევროპაში შიშის დათესვაა და მოსკოვს სურს, ევროპელები მუდმივად მსჯელობდნენ იმაზე, მოახდენს თუ არა რუსეთი ესკალაციას, გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს და დაესხმება თუ არა ნატო-სა და ევროპას.
„ამჟამად რუსეთის შესაძლებლობები ესკალაციისთვის საკმაოდ შეზღუდულია. ერთადერთი, რითაც რუსეთს ესკალაციის გაძლიერება ჯერ კიდევ შეუძლია, არის მობილიზაცია. მე მჯერა, რომ მობილიზაციას რუსეთში შიდაპოლიტიკური შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტი რუსეთში მობილიზაციას მიმდინარე შემოდგომაზე მოსალოდნელად მიიჩნევს. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი ნიშანია რუსეთის მიერ ბოლოს მიღებული კანონები, რომლებიც საზღვრების ჩაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. სტუბის განცხადებით, არსებული ტემპით რუსეთი ომის წარმოებას დიდხანს ვეღარ შეძლებს.
ინტერვიუს დროს სტუბმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის არმია ყოველთვიურად 30-დან 35 ათასამდე ჯარისკაცს კარგავს, მაშინ როცა ახალი ჯარისკაცების რაოდენობა მხოლოდ 27 ათასს შეადგენს.
„ასე რომ, მათ სულ უფრო ნაკლები ჯარისკაცი ჰყავთ, თანაც სულ უფრო რთულ ვითარებაში“, – განაცხადა მან.
მისი შეფასებით, ეს სხვა ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმასაც უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რადგან ვერ ხედავს, როგორ შეძლებს მოსკოვი მოულოდნელად ორი ფრონტისთვის საჭირო ძალების მობილიზებას.
რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო პრობლემების მიუხედავად, სტუბს არ სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი ომზე უარს იტყვის.
„არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ეკონომიკური ვარდნის გამო ამ ომს დაასრულებს. არ უნდა დავაკნინოთ ის, თუ რამდენად მძიმე ეკონომიკურ სირთულეების გაძლება შეუძლიათ რუსებს“, – განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, ვერც ინფლაცია, ვერც საბანკო კრიზისი, ვერც საპროცენტო განაკვეთები და ვერც რუსეთის არმიის მძიმე დანაკარგები ომს ვერ დაასრულებს. მისი შეფასებით, გარდამტეხი ფაქტორი შესაძლოა გახდეს ის, თუ მათ გაუჩნდებათ განცდა, რომ მოქმედ რეჟიმს საფრთხე ემუქრება.
„რუსეთს მოთმინება აქვს, რუსეთს ბრძოლის გაგრძელების უნარი აქვს. ამიტომ რუსეთი უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ, იმის მიუხედავად, თუ როგორ განსაზღვრავს საკუთარ გამარჯვებას, ამ ომის გაგრძელება რეჟიმისთვის უკვე აღარ არის მომგებიანი“, – თქვა სტუბმა. მისივე თქმით, კრემლი უკვე „არასასიამოვნო მდგომარეობაშია“.
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინა დღეს, ომის დაწყებიდან ნებისმიერ სხვა პერიოდთან შედარებით, უფრო ძლიერ და უკეთეს მდგომარეობაშია სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზრისით.
„უკრაინას უპირატესობა აქვს და ის ამ ომს მოიგებს“, – განაცხადა სტუბმა. მისი თქმით, გამარჯვება ნიშნავს, რომ უკრაინა გადარჩება, შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და დარჩება სუვერენულ სახელმწიფოდ.
სტუბისთვის უკრაინის მხარდაჭერა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ინვესტიციასაც წარმოადგენს.
„ჩვენ, გერმანიამ და ფინეთმა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინა რუსეთისგან ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენც წავაგებთ“, – განაცხადა მან.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე დადებითად შეაფასა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში.
„ვფიქრობ, ეს კარგია. ნამდვილად ასე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა სტუბმა.
მისივე თქმით, სწორია, რომ ამერიკელებსა და რუსებს შორის კონტაქტი „სხვადასხვა ფორმატში“ მიმდინარეობს.
„იმედი მაქვს, რომ ამერიკელი სამხედროებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუს სამხედროებთან“, – აღნიშნა მან.
სტუბის შეფასებით, რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების მიუხედავად, ევროპამ მოსკოვთან დიალოგი უნდა აღადგინოს. მისი განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკურ დონეზე საუბარი, რადგან რუსეთთან არსებული დუმილი შესაძლოა მოსკოვში არასწორ წარმოდგენებს ქმნიდეს ევროპაში მიმდინარე პროცესებისა და რეალურად არსებული საფრთხეების შესახებ.