თურქული მედია: შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
უკრაინის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც შავ ზღვაში თურქეთის ორ გემზე თავდასხმები განხორციელდა. ამის შესახებ თურქული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, შეხვედრის დროს თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში ადამიანების სიცოცხლის, ქონების, ნაოსნობისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და უკრაინულ მხარეს „აუცილებელი გაფრთხილება“ გადასცეს.
გამოცემის ინფორმაციით, გემ Lider Bordo Mavi-ს 26 აგვისტოს შავ ზღვაში, რუსეთის საპორტო ქალაქ ტუაფსესთან ახლოს დაესხნენ თავს. მეორე დღეს კი გემი Lider Kocatepe, რომელიც პირველი გემის ბუქსირებისთვის იყო გაგზავნილი, ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა.
მანამდე, 4 აგვისტოს თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღონ. ანკარაში ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც რუსეთის პორტ ნოვოროსიისკთან ახლოს დრონითგანხორციელებული თავდასხმის შედეგად თურქეთის კუთვნილი გემი დაზიანდა, ხოლო ეკიპაჟის სამი წევრი მძიმედ დაშავდა.
რამდენიმე დღის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი შავ ზღვაში ზოგიერთი კომერციული გემის გადაადგილებას ზღუდავს, რადგანაც ანკარა რეგიონში რუსეთისა და უკრაინის მხრიდან გემებზე თავდასხმების გამო შეშფოთებულია.