დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის, უკრაინის მოქალაქის, ვალერია კირლიუკის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, ვალერია კირლიუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.