ხულოს მუნიციპალიტეტში, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ახალგაზრდული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბჭოს წევრებს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, მიაწოდა. მერმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი ჩართულობისა და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
„ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა და მათი ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა განათლების, სპორტის, არაფორმალური განათლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიმართულებით.
ამიტომ ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს, ვქმნით შესაბამის ინფრასტრუქტურას და ვნერგავთ პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი შესაძლებლობები სწორედ საკუთარ მუნიციპალიტეტში გამოავლინონ და განავითარონ“ - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
ახალგაზრდებისთვის მუნიციპალიტეტი არაერთ ინტელექტუალურ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობას ახორციელებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს 3 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება;
ასევე, სოფელ კორტოხში, რიყეთსა და წაბლანაში ახალგაზრდული ცენტრები აშენდება, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ სივრცე სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად, შეხვედრებისა და თავიანთი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებისთვის;
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წელს ამოქმედდა სტუდენტთა დახმარების პროგრამა, რომელიც დედით ან/დედ-მამით ობოლი სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ ასევე იმსჯელა ახალგაზრდების საჭიროებებსა და სამომავლო ინიციატივებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.