ივანე აბაშიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა, დავიწყეთ შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა – დაიწყო შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება, – ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.
ივანე აბაშიძის განმარტებით, ნავსადგურის მშენებლობა უკვე ახალ, უფრო მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა.
„ეს პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს, რათა საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“, – აღნიშნა ივანე აბაშიძემ.