მდინარე ვერეს კალაპოტში მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა
მდინარე ვერეს კალაპოტში, მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს შეუფერხებელ გატარებას გაზრდილი წყალნაკადის პირობებში.
„თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატურად ახორციელებენ მომატებული რისკების შემცველი ტერიტორიებისა და ობიექტების მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სამუშაოები. ამჯერად, მდინარე ვერეს კალაპოტში, მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები. კერძოდ, ამონაყრისგან განთავისუფლდა კალაპოტის ორივე მხარეს, ფერდობებზე მოწყობილი 200 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კონსტრუქცია (გაბიონი), ასევე, გაიკაფა უშუალოდ კალაპოტში გაზრდილი ჭალა, რათა მდინარეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს, ასევე, მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს.