კახა კალაძე: ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს
რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მანვე უარყო საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია.
„სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვდათ ვიდეოები, სადაც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი - რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
„ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ, აღნიშნული შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.