ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე: წინა რაუნდების მსგავსად, როგორც კი საკითხი დევნილთა გამოვლენას შეეხო, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდი დასრულდა. ქართულმა დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა მაისში, რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო.
აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებული პირების სახლებში უსაფრთხო დაბრუნებაზე. მომდევნო შეხვედრა ნოემბერში გაიმართება.
მიმდინარე პროცესის შესახებ ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ლაშა დარსალიამ, აღნიშნული მოლაპარაკებების რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე რთულად შეაფასა.
"წინა რაუნდების მსგავსად, როგორც კი საკითხი დევნილთა გამოვლენას შეეხო, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა.
საკმაოდ რთული ფონი იყო, მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში, მთელი რიგი განვითარებები გვქონდა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში იყო ე.წ. ხელშეკრულებები, მათი ნაჩქარევი იმპლემენტაცია, რუსეთის მოქალაქეების დანიშვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დაძაბული უსაფრთხოების გარემო, რთული ჰუმანიტარული ვითარება - ყველა ეს საკითხი იყო მოლაპარაკებათა პროცესის ნაწილი.
არსებული პრაქტიკის შესაბამისად, დეტალებზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ცალსახად რაც შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე რთული რაუნდი იყო", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.