გიორგი ვოლსკი სააკაშვილის პოსტზე: ეს არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული განცხადება, ეს არის გეგმაზომიერი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ აუცილებელია ომში ჩართვა
ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით არსებულ ხილულ თუ უხილავ ჯგუფს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.
„სააკაშვილი მხოლოდ ამას არ ამბობს. ამბობს, რომ ეთნიკურ ჯგუფებს შორის არის სიძულვილი, დახვრეტების თემაც არ იყო უბრალოდ წამოწეული საკითხი და ასე შემდეგ. ამას ემატება ის, რომ სწორედ ომია ის საშუალება, რაც პრობლემას გადაწყვეტს. ეს არ არის წამოსროლილი ან სისულელით განპირობებული განცხადება, ეს არის გეგმაზომიერი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების შეგუებას იმ ფაქტთან, რომ აუცილებელია ომში ჩართვა და ამ ომმა საბოლოოდ უნდა მოიტანოს ის, რომ ჩვენთვის, მათი აზრით, საძულველი აფზახი საზოგადოება უნდა დამარცხდეს. საბოლოო ჯამში, ქვეყნის დამარცხების პოლიტიკა აქვთ სააკაშვილის მეთაურობით არსებულ ხილულ თუ უხილავ ჯგუფს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.