ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
დონალდ ტრამპი ირლანდიურ ვისკიზე დაწესებულ ტარიფს გააუქმებს. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამისი განცხადება ირლანდიის გოლფის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის თასის გადაცემამდე გააკეთა. ტურნირი ტრამპის ოჯახის კუთვნილ გოლფ-კლუბში იმართებოდა.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფის გაუქმების თხოვნით მას ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიხოლ მარტინმა და წამყვანმა ირლანდიელმა გოლფისტმა შეინ ლოურიმ მიმართეს.
„მოსვენებას არავინ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.
ირლანდიის ვისკის მწარმოებელთა ასოციაცია (IWA) ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას მიესალმა. „არაფერი ახასიათებს აშშ-სა და ირლანდიას შორის სავაჭრო ურთიერთობებს უკეთ, ვიდრე ირლანდიური ვისკი“, - ხაზგასმით აღნიშნა IWA-ს დირექტორმა, ოენ ო’კაითინმა.