შალვა პაპუაშვილი - სამშობლოს სიყვარული დიდ პრივილეგიასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობაც, გისურვებთ „ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები სამუდამოდ აღბეჭდილიყოს თქვენს გონებასა და გულში

შალვა პაპუაშვილი - სამშობლოს სიყვარული დიდ პრივილეგიასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობაც, გისურვებთ „ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები სამუდამოდ აღბეჭდილიყოს თქვენს გონებასა და გულში

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, უკვე მეოთხე ნაკადს შეგხვდეთ და გესაუბროთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც „ჯარის ბანაკი“ ატარებს. ამ ადგილთან მაქვს სპეციფიკური, ემოციური კავშირი. წლების წინ, სწორედ აქ, კოჯორში გავიარე რეზერვისტთა მომზადების კურსი. ასე რომ, ეს ადგილი ბევრ მოგონებას აცოცხლებს ჩემში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს „ჯარის ბანაკის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მინდა, განსაკუთრებით გისურვოთ, რომ ეს დღეები, რომელსაც აქ, „ჯარის ბანაკში“ გაატარებთ, გამოიყენოთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოთ ახალი მეგობრობა თქვენს თანაკურსელებთან, რა თქმა უნდა, მიიღოთ ის ცოდნა, რომელიც „ჯარის ბანაკის“ ფარგლებში გადმოგეცემათ. და უბრალოდ, ამ მშვენიერ გარემოში იფიქროთ თქვენს სამშობლოზე, ოჯახზე, თქვენი ქვეყნის მომავალზე.

საზაფხულო შეკრებებს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა წარსულშიც. სპორტული შეკრება, საგანმანათლებლო შეკრება, სამთო შკრება, სალაშქრო შეკრება, და სხვა სახის შეკრებები იმართებოდა ხოლმე, რომელიც ყოველთვის იბეჭდებოდა იმ მოზარდების გულსა და გონებაში, ვინც ამ შეკრებაში მონაწილეობდა.

მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, რა თქმა უნდა, ჯარის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ქვეყანა, რომელსაც ასეთი საამაყო სამხედრო მოსამსახურეები და ჯარი ჰყავს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის დაძახილზე ყოველ წამს მზად არიან, დადგნენ ქვეყნის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, ჯარის თემატიკა განსაკუთრებული შინაარსის არის. დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა. ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. ამ ფასეულობების შეძენას სჭირდება თავისი გარემო და სად, თუ არა ჯარში არის ის გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ, მთლიანად შეიგრძნოთ პატრიოტიზმის სიხარულიც და ტვირთიც. ეს ორივე ერთად არის ჯარში, როგორც პასუხისმგებლობა და გააზრება იმის, რომ ქვეყნის სამსახურში დგება ადამიანი.

მინდა, გისურვოთ საინტერესო დღეები, გაატაროთ ეს დღეები იმ შეგრძნებით, რომ მოვა დრო და თქვენ როგორც მშობლები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენს ოჯახზე და თქვენს ქყეყანაზე. ამიტომაც არის ჩვენი და ამ პროექტის ვალდებულება, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის იყოთ მზად, რადგან პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული დიდ პრივილეგიასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობაც. გისურვებთ „ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები სამუდამოდ აღბეჭდილიყოს თქვენს გონებასა და გულში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.