ტატა ხვედელიანი უმრავლესობას - სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხს არ ემსახურებიან - ისინი მხოლოდ თქვენი პარტიის და საპატიო თავმჯდომარის ინტერესებს ემსახურებიან
დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხს არ ემსახურებიან - ისინი მხოლოდ თქვენი პარტიის და საპატიო თავმჯდომარის ინტერესებს ემსახურებიან, - ამ განცხადებით ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა “ქართულ ოცნებას“, პარლამენტში რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას მიმართა.
მან “პრობლემური“ უწოდა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სესიაზე სიტყვით გამოსვლები აღარ გაიმართება.
“პრეზიდენტის ანგარიში იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად ხორციელდება, შესაძლებლობაა ჩვენთვის - ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური ძალისთვის - პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები შევაფასოთ და პრობლემური საკითხების აქტუალიზება მოვახდინოთ. ის აძლიერებს პარლამენტის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.
აქ ნამდვილად ვერ გამოდგება ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. უნდა აცნობიერებდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში “ოცნების” პირობებში დადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფალი მართლმსაჯულებისა და, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების თავისუფლების მიმართულებით”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.