ბათუმმა „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა

ბათუმმა „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა

ბათუმმა 20-21 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა, რითაც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმციით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართა უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“.

ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დასწრებოდნენ. ფესტივალის სტუმრების წინაშე წასდგნენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები: „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „MIX2RA”, თიკა ბალანჩინი და „New One”, „ემოცია“, 4 up, „ლათინო ორკესტრალი“, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ,,La Fiesta”, ,,Why Not” და ,,Ocean Drive”.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი ფუნქციონირებდა, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდნენ. ფესტივალზე მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე თავიანთ პროდუქციას სთავაზობდა სტუმრებს. ფესტივალი დიჯეებმა DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულეს.