ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩ ვესელინ ვალკანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და საერთო ღირებულებებზე.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა ბულგარეთის ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს, აღნიშნეს, რომ ვესელინ ვალკანოვთან თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგიანი იყო და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.