„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ პროცედურებს და დეტალურად განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენის, ჯარიმის დაკისრების, საურავის (მიუღებელი სარგებლის) დარიცხვის, გასაჩივრებისა და აღსრულების წესებს. ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა კუთვნილი შენატანები მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დროულად და სრულად აისახოს.

მნიშვნელოვანია, რომ კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ცალკეული ნორმების ამოქმედება ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ძალაში შედის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და „მიუღებელი სარგებლის“ დაკისრების პროცედურები. 2027 წლის 1 ივნისიდან კი ამოქმედდება განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადების, ანუ ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი.

საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ერთჯერად საშეღავათო ღონისძიებას, რომელიც „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა. კერძოდ, დამსაქმებელი გათავისუფლდება 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმისგან, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება, თუ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს (მიუღებელ სარგებელს).

დამსაქმებლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა 10-დღიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. 2026 წლის 15 ოქტომბრიდან, თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და შესაბამის მიუღებელ სარგებელს, მისთვის ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამავე ცვლილებებით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დადგინდა, ხოლო ჯარიმის ოდენობა შემცირდა და 300 ლარით განისაზღვრა.

ამოქმედდა საჩივრის წარდგენის ახალი წესიც. დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებსა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს საჩივრის წარდგენა შეუძლიათ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას, თუმცა არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში; ამასთან, სასამართლოსთვის პირდაპირ მიმართვა შესაძლებელია დავის ნებისმიერ ეტაპზე, დავების განხილვის სამსახურისთვის მიმართვამდეც.

კანონი ასევე ქმნის შესაძლებლობას, დამსაქმებელმა მოითხოვოს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებლის განწილვადება და შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ვალდებულება ეტაპობრივად დაფაროს. მექანიზმი 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება: შეთანხმებას დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე დებს დავების განხილვის სამსახური, ხოლო დებულებით დადგენილ ფარგლებზე მეტი ოდენობის შემთხვევაში - საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო.

ამოქმედდება ელექტრონული შეტყობინების დამატებითი მექანიზმიც. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მათ შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს მოკლე ტექსტური და სხვა ელექტრონული შეტყობინებით ეცნობება. გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლება ელექტრონულ სისტემაში მისი გაცნობისთანავე: თუ ადრესატი მას განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში არ გაეცნობა, ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მიღებული ცვლილებების მთავარი მიზანია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვა, საპენსიო ანგარიშებზე კუთვნილი თანხების სრულად ასახვა და საპენსიო ვალდებულებების შესრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა.