თბილისის საქალაქო სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე კიდევ ორი მოქალაქე დააჯარიმა.

ერთ-ერთი კანონდამრღვევი აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადების გამო 2000 ლარით დაჯარიმდა, მეორე მოქალაქეს კი, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ღირსების შემლახველი კომენტარის გამო 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საქმის დეტალებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, სალომე ქირია საუბრობს.

"ბატონი ვახტანგის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში კომენტარის სახით შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ რეზო კიკნაძეს. აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევი პიროვნება, რომელიც დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მეორე სამართალდარღვევის საქმეს - ამ შემთხვევაში, ბატონი ივანეს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე პრიმა 16 მუხლის პირველი ნაწილით. მან შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა ბატონ მამუკა მდინარაძეს. მის მიმართ სახდელის სახით სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით," - განაცხადა სალომე ქირიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი სამმართველო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად აგრძელებს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუმცა უწყების მხრიდან რეაგირება ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც უხამსობასა და ლანძღვა-გინებას შეიცავს.