ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი: ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია
ბერას გადაწყვეტილებაა, რომ მის მიმართ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათის ზღვარგადასულ ცილისწამებას სამართლებრივად უპასუხოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა.
მან განმარტა, თუ ვინ იქნებიან სარჩელის ადრესატები.
„ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია და არის ყალბი და მტკნარი სიცრუე.
ამ ეტაპზე ჩვენ მომზადების ეტაპზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტები, მონიტორინგს ვუკეთებთ ყველა განცხადებას, რომელიც მასთან დაკავშირებით არის ცილისმწამებლური და ბოლო პერიოდში გაკეთებულია მედიასაშუალებებში თუ სხვადასხვა პირის მხრიდან. როდესაც დავასრულებთ აღნიშნულს, ჩვენ აუცილებლად წარვდგებით სასამართლოს წინაშე და დარწმუნებული ვარ, ბერა დაამტკიცებს, რომ ყოველივე ეს - მისი დაკავშირება გარკვეულ კრიმინალურ საქმიანობასთან, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადამიანისთვის დანაშაულის დაბრალება, არის სიცრუე, სიყალბე და ცილისწამება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილის ადვოკატმა.