კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათცივე ცნობით, მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„ამა წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ეწვია ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად.

დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა.

ეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველი იმყოფება, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ“, – წერს საპატრიარქო.