პრეზიდენტი: უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი? ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ — მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში
ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“.
მისივე თქმით, სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი.მისივე თქმით, სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი.
„წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღნიშნავს. ჩვიდმეტი საუკუნის წინ, ჩვენმა სულიერმა არჩევანმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ქართველი ერის სახე, კულტურა და ისტორიული გზა.
უმძიმეს ისტორიულ მომენტებში და ძნელბედობის ჟამს, სწორედ დედაეკლესია აერთიანებდა ერს, იცავდა ქართულ ენასა და ისტორიულ მეხსიერებას. ქრისტიანობა ჩვენთვის რწმენასთან ერთად იყო ის სულიერი ძალა და ინტელექტუალური საყრდენი, რომელმაც მძიმე ქარტეხილებში შეგვინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და გვასწავლა, რომ ადამიანის ღირსება, სამშობლოს სიყვარული, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან განუყოფელია. სწორედ ეს ღირებულებები გახდა ევროპული ცივილიზაციის საფუძველი.
დღეს, როდესაც ევროპა ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, უაღრესად მნიშვნელოვანია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა: რა არის ის, რაც გვანიჭებს ძალას, გვაერთიანებს და რა საძირკველზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი? ღრმად მწამს, რომ ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ჩვენს ქრისტიანულ ფესვებსა და საუკუნოვან მარადიულ ფასეულობებში უნდა ვეძიოთ — მოყვასისადმი სიყვარულში, თანაგრძნობაში, უზენაეს სამართლიანობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაში.
დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცვლელი სულიერი და ეროვნული საყრდენის შენარჩუნების აუცილებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიმტკიცისა და ღირსეული მომავლის ქვაკუთხედია. ეს გახლავთ სივრცე, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა ეროვნული იდენტობა, ტრადიციები და მარადიული ღირებულებები.
მჯერა, რომ მომავალი თაობები ღირსეულად ატარებენ და დაიცავენ ამ მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას — ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, ეროვნულ თვითმყოფადობასა და სულიერ სიმტკიცეს. საქართველო, ისევე როგორც წარსულში, მომავალშიც იქნება რწმენის, ტრადიციის, შემწყნარებლობისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური მაგალითი, სადაც ერთიანობა და მშვიდობა ქმნის ჩვენი ხალხის უკვდავ მომავალს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.