შალვა პაპუაშვილი: ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებას

შალვა პაპუაშვილი: ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებას

ღირებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ ნიშნავს რწმენის კანონით თავს მოხვევას. ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებასა და ღირსებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში’’ სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოჯახი ერთ-ერთი უძველესი სოციალური ინსტიტუტია, მაგრამ მის წინაშე არსებული გამოწვევები დღეს სრულიად თანამედროვეა.

,,ევროპის არაერთ ქვეყანაში მცირდება შობადობა, ბერდება მოსახლეობა, იზრდება ეკონომიკური და სოციალური წნეხი ახალგაზრდა ოჯახებზე. ტექნოლოგიური და კულტურული ცვლილებები ახალ კითხვებს აჩენს მშობლობის, თაობათა ურთიერთობისა და თავად ოჯახის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოც ამ პროცესებისგან განცალკევებული არ არის.

ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ პირადი მორალის საკითხი აღარ არის. იგი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა.

ძლიერი ოჯახი ნიშნავს გარემოს, სადაც ბავშვი დაცულია, სადაც თაობები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ და სადაც ადამიანი მარტო არ რჩება ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.

ქრისტიანული გაგებით კი ოჯახი კიდევ უფრო მეტია - ის სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვისა და პასუხისმგებლობის პირველი სკოლაა.

სწორედ აქ სწავლობს ადამიანი იმას, რაც მოგვიანებით საზოგადოებასაც სჭირდება - სხვისთვის ადგილის დათმობას, პასუხისმგებლობის აღებას, განსხვავების მიღებას, პატიებას და ზრუნვას.

ოჯახის დაცვა არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გარიყვას და ტრადიციის დაცვა არ უნდა საჭიროებდეს იძულებას. პირიქით, ტრადიცია მაშინ არის ძლიერი, როდესაც მისი სიცოცხლისუნარიანობა თავისუფალ საზოგადოებაშიც დასტურდება.

ამ საკითხებზე საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროპა ერთდროულად რამდენიმე კრიზისს განიცდის - უსაფრთხოების, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ღირებულებით გამოწვევებს.

კრიზისის დროს საზოგადოებები ხშირად მხოლოდ ინსტიტუტებსა და რესურსებზე ამყარებენ იმედს. მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოების გამძლეობა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, სამხედრო შესაძლებლობებითა და ინსტიტუციური მოწყობით არ განისაზღვრება. მას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად მტკიცეა საზოგადოებრივი კავშირები, რამდენად ენდობიან ადამიანები ერთმანეთს, რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ და რამდენად აქვთ საერთო ღირებულებითი საყრდენი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.