გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მსჯელობა შეეხო სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს და არსებული შენობის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ შეკრებილთა კითხვებს უპასუხეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ექსპერტთა შეფასებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით მიიღებენ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.