ირაკლი კობახიძე: იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი მცდელობა, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე, ვერ დავძლევდით ამ პრობლემებს
2012 წელს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ლიდერი, რა პოლიტიკური ძალაც არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციური მოძრაობის სათავეში მაშინ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პირველი ოქტომბრის გამარჯვების მიღწევა და ეს გამარჯვება პირველ რიგში იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც გათავისუფლდა უმძიმესი სისტემისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, იგივე შეეხება 2022 წლის შემდგომ პერიოდსაც, ვინაიდან საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაძლევდა არსებულ პრობლემებს.
„რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა, ურთულესი პროცესები გამოვიარეთ. იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი მცდელობა. ააღელვეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, იგივე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. აქაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და სწორად რომ არ გაეაზრებინა რეალური შინაარსი იმ პროცესების, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავძლევდით ამ პრობლემებს, ამიტომ საზოგადოების როლი არის უმთავრესი, ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს, საზოგადოებას ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა ქვეყნის განვითარებაში. ასე იყო 2012 წლის პირველ ოქტომბერსაც და ასე იყო 2022 წლის შემდეგაც და შუალედშიც,“- აღნიშნა პრემიერმა.