ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას, რათა ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია
დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე სრულად აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვედა დონეზე მუშაობა გასაგრძელებელია და ამაში საზოგადოების როლს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
„საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია კორუფციის საკითხთან დაკავშირებითაც. უფრო ადვილია ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. რაც შეეხება ქვედა დონეზე კორუფციას, აქ მუდმივად არის ბრძოლა საჭირო. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მენტალურად ნაკლებად არიან ადამიანები მიდრეკილნი კორუფციისკენ, იგულისხმება ჩრდილოეთის ქვეყნები, მაგალითად – სკანდინავიის ქვეყნები, იქაც კი არის კორუფცია. ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ არის კორუფცია. შესაბამისად, კორუფციას სჭირდება მუდმივი ბრძოლა ქვედა დონეზე, პირველ რიგში. ჩვენ პრინციპულად მოვახერხეთ ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა იყო სერიოზული პრობლემები, რაც უკავშირდებოდა დაახლოებით სამწლიან პერიოდს ჩვენი მმართველობის, დაგროვდა ეს პრობლემები და როგორც კი მოხერხდა ამ პრობლემების სათანადოდ იდენტიფიცირება, საბოლოო ჯამში, გადავალაგეთ სისტემა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია. ქვედა დონეზე გასაგრძელებელია მუშაობა და ამაში საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენს ოპონენტებსაც ვესაუბრებით ხოლმე, არამარტო საზოგადოების წევრებს, ოპონენტებსაც ვეუბნებით ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს, მაგალითად აიღონ ნებისმიერი მინისტრი და დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ვპირდებით, მყისიერი რეაგირება გვექნება. ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია, გავიმეოროთ ეს დაპირება,“- აღნიშნა კობახიძემ.