მარიამ ქვრივიშვილი: პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის ის, რამაც 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა
პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის სწორედ ის, რამაც 2021-2025 წლებში 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის 9,3%-იანი საშუალო მაჩვენებელი ეფუძნება სწორ მმართველობასა და გამჭვირვალობას.
“2026 წელიც საგრძნობლად წარმატებული აღმოჩნდა: კერძოდ, წლის დასაწყისში 7,8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვქონდა, რაშიც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა სექტორმა, IT სექტორმა, განათლებამ, ზოგადად პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა და, რა თქმა უნდა, მასპინძლობის სფერომ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, მოლოდინები საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზების თანახმად, 2026-2030 წლებში პერიოდში, საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა იქნება, ეკონომიკური ზრდის საშუალო 5,4%-იანი მაჩვენებლით. ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი გარემოს წყალობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგრძნობლად იზრდება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო გასული წლის მიღწევა, როდესაც FDI-ის სახით 8,7 მილიარდი აშშ დოლარი მოვიზიდეთ. ამასთანავე, საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 2021-2025 წლებში, საშუალოდ, დაახლოებით 6%-ს აჭარბებდა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, კვლავ ერთგულები ვართ ჩვენი ძირითადი და საკვანძო სტრატეგიული სექტორების შემდგომი განვითარების მიმართ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.