შალვა პაპუაშვილი: მთავრობისა და პარლამენტისადმი სწორედ იმიტომ არის ხალხის ნდობა, რომ ვმოქმედებთ ხალხის ინტერესებით და არა გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებით
სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი რითაც არის დაკავებული, ეს არის პროპაგანდა, ეს არის, რასაც ჩვენ ვამხელთ, ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაა, როცა ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია და ასწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 23 სახელმწიფოს – გერმანიას, დიდი ბრიტანეთს, ნიდერლანდებს, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ბელგიას, მალტას, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, ალბანეთს, ხორვატიას, რუმინეთს, სლოვაკეთს, კვიპროსს, ჩეხეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, სლოვენიას.
მისი თქმით, ის, რომ პროპაგანდა საქმეს ვერ ანაცვლებს, ჩანს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია.
„შეხედეთ გერმანიას, საფრანგეთს. შეხედეთ, რა ხდება საფრანგეთის ქუჩებში, ეს სწორედ ნდობის ეროზიის შედეგია და შემდეგ შეხედეთ, სხვა ქვეყნებში როგორი ნდობა არის ხელისუფლების მიმართ. საქართველოში სწორედ იმიტომ არის ხალხის მხრიდან ნდობა ხელისუფლების, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რომ როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესებით და არა გლობალური ტრენდებით განპირობებული ინტერესების მომსახურებით, რასაც, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა აკეთებს. სწორედ ეს იწვევს ნდობის რღვევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.