დავით ქართველიშვილი: მარტა კოსი ხან გენერალ ლებედის როლში გვევლინება, რომელიც მზადაა გამოიყენოს მკაცრი ადმინისტრაციული ბერკეტები არასასურველი რეგიონების წინააღმდეგ, ხან მედდა რეტჩედის - უკვდავი კინოშედევრიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
„ფონ დერ ლაიენის, კალასისა და მარტა კოსის ეპოქაში ევროკავშირის შედარება 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა პოლიტბიუროსთან და მათ მიერ გამოცხადებული კურსი „ახალი ორბანების“ გამოჩენასთან ბრძოლის კუთხით ზუსტად ასახავს ბრიუსელის ინსტიტუციური კრიზისის სიღრმეს“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, კოსის, კალასის ან ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკავშირის რაიმე პოზიტიურ ტრანსფორმაციაზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა შიზოფრენია და რეალობას მოწყვეტილი ილუზია.
„ფონ დერ ლაიენის, კალასისა და მარტა კოსის ეპოქაში ევროკავშირის შედარება 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა პოლიტბიუროსთან და მათ მიერ გამოცხადებული კურსი „ახალი ორბანების“ გამოჩენასთან ბრძოლის კუთხით ზუსტად ასახავს ბრიუსელის ინსტიტუციური კრიზისის სიღრმეს.
სუვერენულ ქვეყნებზე ადმინისტრაციული ზეწოლის მცდელობები, ალბათ, ბოლოს ძალისმიერი იძულების მეთოდების გამოყენებამდეც კი მისული, 9 აპრილის თბილისის მოვლენებისა და სასანგრე ნიჩბების ანალოგიურად, ააშკარავებს თანამედროვე ევროსაბჭოთა კავშირის რეალურ ბუნებას.
ბრიუსელის პოლიტიკა სისტემურ მარაზმად გამოიყურება, როდესაც კავშირში დაჩქარებულად და ხელოვნურად ექაჩებიან ახალ „აფხაზეთსა“ და „სამხრეთ ოსეთს“ - მოლდოვისა და უკრაინის სახით, ამისთვის კი ძირავენ საქართველოს.
ძირავენ, მიუხედავად თავისივე შეფასებებისა და განახლებული 7%-იანი ეკონომიკური ზრდისა. ამ ყველაფერს უბრალოდ კი არ აიგნორირებენ, არამედ, პირიქით, სწორედ ამ გამაღიზიანებელი მაჩვენებლების, სუვერენული სუბიექტობისა და წარმატებებისთვის ცდილობენ, დასაჯონ საქართველო.
ამ კონფიგურაციაში ევროკომისარი მარტა კოსი ხან გენერალ ლებედის როლში გვევლინება, რომელიც მზადაა, გამოიყენოს მკაცრი ადმინისტრაციული ბერკეტები არასასურველი რეგიონების წინააღმდეგ, ხან მედდა რეტჩედის - უკვდავი კინოშედევრიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.
ამ მარაზმისთვის თვალყურის დევნება არა მხოლოდ უინტერესო ხდება, არამედ თავად ევროკავშირში „კოლონიალური წევრობის“ პერსპექტივაში ნებაყოფლობითი მონაწილეობაც ღრმად დამამცირებელია სუვერენული სახელმწიფოსთვის.
ნებისმიერი საუბარი კოსის, კალასის ან ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკავშირის რაიმე პოზიტიურ ტრანსფორმაციაზე სხვა არაფერია, თუ არა შიზოფრენია და რეალობას მოწყვეტილი ილუზია.
ევროსაბჭოთა კავშირი დღეს იმყოფება ჩვენ მიერ მოხსენიებული ამ უკვდავი ფილმის ფინალურ სტადიაზე. ამ სისტემის შიგნით ყოფნისას საკუთარი თავის გადარჩენის ან ამ საგიჟეთის მკურნალობის მცდელობა მაკმერფის ტაქტიკით მედდა რეტჩედის წინააღმდეგ არის კოლექტიურ სუიციდამდე და ეროვნული იდენტობის სრულ დაკარგვამდე მიმავალი გარდაუვალი მარცხის გზა.
ამ პირობებში ქვეყანას შეცდომის დაშვების ან ხანგრძლივი დისკუსიების გაგრძელების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს. საქართველო უნდა გადარჩეს ბელადი ბრომდენის მსგავსად - სიმტკიცით, სიბრძნით, ცივი გონებით, თავსმოხვეული ხელოვნური ჩარჩოების დამსხვრევითა და ნამდვილი თავისუფლებისკენ გადამწყვეტი ნახტომის გაკეთებით. ეს სტრატეგიული არჩევანი კი უალტერნატივო უნდა იყოს. ამ მეორე იმპერიის ნამსხვრევებში აღარ უნდა მოვხვდეთ. ფოცხის ეფექტი ერთხელ გამიგია, მაგრამ მისი განმეორება უკვე იდიოტიზმია“, - წერს დავით ქართველიშვილი.