ნიკოლოზ სამხარაძე – გაფართოების კომისია თუ საქართველოსთან კონტაქტს განაახლებს, ნახავს, რომ ქვეყანა არათუ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად დგას, არამედ ბევრი მიმართულებით უსწრებს კიდეც
არაერთხელ ყოფილა განცხადება, მათ შორის ქალბატონი კალასის, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას არ ესაუბრებიან, შესაბამისად, ქალბატონი კოსის განცხადებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „მარტა კოსი აცხადებს, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კოსი ამას ამბობს იმ ფონზე, როცა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ანგარიშები სხვას ამტკიცებს“.
კითხვის საპასუხოდ სამხარაძემ აღნიშნა, რომ კოსის განცხადებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს.
„მარტა კოსი მსგავს განცხადებას პირველად არ აკეთებს. მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც კომისია საქართველოში თავის პარტნიორებს საერთოდ არ ელაპარაკება, მათ ინფორმაცია ვერ ექნებათ, სად დგას საქართველო. ეს მათი მთავარი პრობლემაა. წლების განმავლობაში კომისია საჯარო მოხელეებთან, სამინისტროებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში იყო. შესაბამისად, მათ ყველა ნაბიჯი იცოდნენ, რომელსაც სახელმწიფო დგამდა. დღეს ეს ინფორმაცია არ აქვთ, რადგან კონტაქტი შეზღუდულია. თუ კონტაქტს და დიალოგს განაახლებენ, მერწმუნეთ, ნახავენ – საქართველო არა თუ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად დგას, არამედ მათ ძალიან ბევრი მიმართულებით უსწრებს კიდევაც. მის განცხადებას თავისი პოლიტიკური კონტექსტი აქვს. არაერთხელ ყოფილა განცხადება, მათ შორის ქალბატონი კალასის, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას არ ესაუბრებიან. შესაბამისად, ქალბატონი კოსის განცხადებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ეს ამ პოზიციის გაგრძელებაა. რაღაცით ხომ უნდა გაამართლონ, რომ ისინი არ ესაუბრებიან საქართველოს და აი, სწორედ ამ მეთოდებით ამართლებენ“, – განაცხადა სამხარაძემ.