გრიგოლ გეგელია – რუსეთში შავი ჭირის გავრცელების ფონზე, გაურკვეველია, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო, იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით
მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება რუსეთში შავი ჭირის გავრცელების ფონზე, მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გაურკვეველია, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო.
„მინდა, გამოვეხმაურო ცნობას რუსეთის ფედერაციაში პნევმატური შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც 200-მდე ადამიანი მოთავსებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა: ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, მონღოლეთმა და ყაზახეთმა გუშინვე მიმართეს შესაბამის ზომებს, გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს.
უკვე კონტროლდებიან საზღვრის გადამკვეთი პირები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთები. ასე იქცევა ფხიზელი და გონიერი ხელისუფლება, ვიდრე არ მოხდება სიტუაციის გამორკვევა და არ დადგინდება, თუ რა მასშტაბის პოტენციურ რისკთან შეიძლება გვქონდეს შეხება. ორმაგად კი იმ ფონზე, როდესაც მეორე მხარეს არის დიქტატურა. რუსეთის მმართველო რეჟიმი და ზოგადად, ავტორიტარული რეჟიმები მუდმივად მალავენ რეალურ სურათს და არსებობს საფრთხე, რომ ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს საჯაროდ არის ცნობილი.
ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო. რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოჭარბებულ საზოგადოებრივ მღელვარებას, ამდენადვე საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება. თუმცა ამ დრომდე ვერ ვხედავთ ვერავითარ რეაგირებას, ვხედავთ, რომ რეჟიმი კვლავაც ტრადიციულად ყურსაც არ იბერტყავს. „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სინამდვილეში არის სიბრიყვე და დანაშაულებრივი უმოქმედობაა.
მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად. იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით. ჯანმრთელობა და მშვიდობა საქართველოს“, – განაცხადა გეგელიამ.