თბილისის საკრებულოში საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს უმასპინძლეს
თბილისის საკრებულოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
მიღებაზე სპორტსმენებს და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა.
„დღეს აქ თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. თბილისმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც მსოფლიოს 44 ქვეყნის 312 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. თქვენ არა მხოლოდ ინდივიდუალური მედლები მოიპოვეთ, არამედ ისტორიაში პირველად საქართველოს გუნდს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანეთ. ეს არის უდიდესი მიღწევა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. თქვენი წარმატება არის მაგალითი იმისა, რომ მიზანდასახულობას, შრომასა და თქვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, ქართველი პარაძიუდოისტების გამარჯვება დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ის მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ღირსეული წარმოჩენისთვის. საბა ბაღდავაძის და ლევან გუგავას ოქროს მედლები, რევაზ ჩიკოიძის ვერცხლისა და გიორგი გამჯაშვილის ბრინჯაოს მედლები ნამდვილად საამაყო შედეგია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებული გამარჯვება. ფინალში გამართულ დაძაბულ ბრძოლაში თქვენ შეძელით წარმატების მიღწევა. მადლობა მინდა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ბატონ ლევან ქოჩიევს, პარალიმპიურ კომიტეტს და მის თითოეულ წარმომადგენელს. ამ შედეგის მიღმა დიდი შრომა, პროფესიონალიზმი და თავდადებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურნირმა მაღალი შეფასება მიიღო საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს პრეზიდენტების მხრიდან. მათი შეფასებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში პარასპორტი ვითარდება და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, თბილისის საკრებულოს წევრი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ქოჩიევი.
საკრებულოში გამართულ მიღებაზე 2026 წლის პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ქართული პარასპორტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს. ასევე 2026 წლის პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობისა და ქართული პარასპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ პარაძიუდოისტებს, ნაკრების მწვრთნელებს და ექიმს.