სებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
საქართველოს ეროვნული ბანკი „ბიტექსჩეინჯის“ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.
ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ვიდრე საკითხის გარშემო არ დადგება სრული სიცხადე, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.
რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“, გაცნობებთ რომ აღნიშნული სუბიექტი დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმიური შემოწმების შედეგად", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.