პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, ასევე ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთი ადამიანი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 – 2026 წლებში ბრალდებული, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით მიიღო ჯამში 24 200 ლარი.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ყალბი სამედიცინო ისტორიის შექმნით დოკუმენტებს აყალბებდა. შედეგად, ავადმყოფობის სიმულაციის და ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენით, სსიპ „გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისია წვევამდელს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ათავისუფლებდა.
ბრალდებულმა ასევე უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რომელსაც თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 6 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19.180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25.356-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება), 25.362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა) და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.