საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური გაიმართა

საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური გაიმართა

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR“ ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

8-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ კომერციული სექტორის, მედიის და „People PR” -ის წარმომადგენლები. სტუმრები ქართლისა და კახეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.

ტურის ფარგლებში, თბილისში ქართული ღვინის სემინარი გაიმართა, სადაც ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა პოლონელი პროფესიონალებისგან მიიღეს რეკომენდაციები პოლონეთის ბაზარზე ღვინის შეტანისა და ეფექტური რეალიზაციის შესაძლებლობებზე.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულ ქვეყანაში ქართული ღვინო ხელმისაწვდომია როგორც HoReCa სექტორში, ისე ქსელურ მარკეტებსა და ღვინის მაღაზიებში.

პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” თანამშრომლობს. სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, ასევე საქართველოში ეწყობა ღვინის პროფესიონალების ტურები.