პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვიტოს

პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვიტოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა, გასცეს განკარგულება უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ არჩევნების დღეს შეეხება.

„თუ კიევში რეალურად სურთ არჩევნების ჩატარება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მზადაა გასცეს მითითება, რომ არ განხორციელდეს დარტყმები უკრაინაზე არჩევნების დღეს - სწორედ არჩევნების დღეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს​“.

თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ თანახმაა უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე, თუ რუსეთი 60-დღიან ზავს გამოაცხადებს.