ბულგარეთის პრემიერი რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს

ბულგარეთის პრემიერი რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს

ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებით ორ გემზე შეტევა განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა, - ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა.

„ბულგარეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს სავაჭრო გემზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმა სრულიად მიუღებელია. 01:30 საათზე მიღებულ იქნა განგაშის სიგნალი გემიდან, რომელიც ბიალას აღმოსავლეთით, 18 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა. ეკიპაჟის ინფორმაციით, მალტის დროშით მცურავ, ოდესაში რეგისტრირებულ და უკრაინის მფლობელობაში მყოფ გემ „ჩელსი 3“-ს სამმა საჰაერო დრონმა გემბანსა და ბორტზე დაარტყა”, - დაწერა რადევმა სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ეკიპაჟის 15-ვე წევრი - უკრაინის შვიდი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე - უსაფრთხოდ გადაიყვანეს ვარნის პორტში. მათგან ხუთს სამედიცინო დახმარება უტარდება.

„ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენს მუდმივ წარმომადგენლებს მომხდარის შესახებ უკვე ვაცნობეთ. ბულგარეთი კვლავ ცდილობს, მოიპოვოს მხარდაჭერა თავდასხმების გამოძიებისთვის, რათა დადგინდეს, რომელი ქვეყნიდან იყო გაშვებული დრონები. ასევე ვითხოვთ დახმარებას საჰაერო და საზღვაო სივრცეზე მეთვალყურეობის გაძლიერებისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით”, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა.

მისი განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს დაიბარებენ.

„არ გაგვაჩნია მკაფიო და უტყუარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა რომელიმე მხარეს დავაკისროთ. თუმცა, ლოგიკა იმაზე მიუთითებს, რომ ეს შედეგი რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია. ამიტომ, დღეს შეხვედრაზე რუსეთის ელჩს დავიბარებ”, - აღნიშნა პრემიერმა.