ლევან მაჭავარიანი – ევრობიუროკრატებმა მარტივ ჭეშმარიტებას უნდა გაუსწორონ თვალი, რომ საქართველო შავ ზღვას ესაზღვრება და შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილეა
ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რადგან ჩვენ უარი განვაცხადეთ საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე, ისევე როგორც სამწუხაროდ, უკრაინა გამოიყენეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან განსხვავებული მიდგომებია.
„ოფიციალურად როდესაც ეს პროცესი წერილობით შეაჩერეს, ორი საბაბი მოიშველიეს – ერთი, გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელსაც სამარცხვინოდ რუსული უწოდეს და დღეს ის ადამიანებიც კი ხვდებიან, რომლებსაც ამ აფიორაში მიაღებინეს მონაწილეობა, რომ მასში არაფერი რუსული არ ყოფილა. ხოლო მეორეა, ის კანონი, რომელიც ადგენს, რომ ორი სქესი არსებობს და მეტი ვერ იქნება, ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში აკრძალულია. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია რიგი წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რაც არის საჯაროდ გაჟღერებული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ, საქართველოსთან განახლდეს მეგობრული ურთიერთობა მისი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.
„შუა დერეფნის მნიშვნელობა ძალიან გაზრდილია და საქართველო არის საკვანძო ქვეყანა. ყველას სურს საქართველოსთან პარტნიორობა, თუმცა, პირველ რიგში, ევრობიუროკრატებმა უნდა გაუსწორონ თვალი რამდენიმე რეალობას – იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო ნამდვილად ესაზღვრება შავ ზღვას, საქართველო ნამდვილად არის შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე. ევრობიუროკრატებმა უნდა შეეგუონ იმ ფაქტებს, რომ თავიანთი უხეში ჩარევის მიუხედავად, ვერც რევოლუცია მოახდინეს საქართველოში და ვერც რადიკალურ ოპოზიციას მოაგებინეს არჩევნები, ვინაიდან ამ ყველაფრის გარანტი ქართველი ხალხია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საქართველოზე ზეწოლა დაიწყო უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის, ომის დღიდან.
„საქართველო არ დათანხმდა პროქსი ქვეყნად ჩვენი სახელმწიფოს გამოყენებაზე და ჩვენ ვიხილეთ ამდენი წლის განმავლობაში უამრავი ჩარევა, უამრავი დეზინფორმაცია, უსამართლო მდგომარეობები, ვიხილეთ რევოლუციების პირდაპირი წახალისება, ირიბი დაფინანსება, მაგრამ არ გაჭრა ამ ზეწოლამ. ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვახევია, რომ დაგვეთმო ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული. მზად ვართ იმისთვის, თუ იანვარში ისევ ზეწოლის და შანტაჟის გაზრდას აპირებენ. არც შანტაჟის და არც სანქციების გვეშინია. ვერავინ უკან ვერ დაგვახევინებს, რომ დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და დაცული იყოს მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.