თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს - დადასტურებულ დამნაშავეს პოლიტპატიმრად გვიცხადებს

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს - დადასტურებულ დამნაშავეს პოლიტპატიმრად გვიცხადებს

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ვიკა ფილფანს და შევახსენო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს იდეა სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ არის ჩაწერილი, ასევე მინდა შევახსენო და ვუთხრა, რომ სიღარიბის დონე მხოლოდ უკანასკნელ ხუთ წელიწადში სამჯერ არის შემცირებული და დაახლოებით 30%-დან 9%-მდე არის ჩამოსული. მხოლოდ გუშინ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ 45 ლარით იზრდება პენსია მომავალი წლიდან და განათლება გახდა უფასო სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით სამარცხვინოა ეს პოლიტიკური პოპულიზმი დღეს თქვენი მხრიდან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ის ასევე გამოეხმაურა ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ არ არსებობს არცერთი ობიექტური კრიტერიუმი და გაზომვადი პარამეტრი, რომლითაც საქართველოს უკრაინა ან მოლდოვა უსწრებენ. ფაღავას თქმით, საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მშვიდად და ღირსეულად სვლას განაგრძობს.

„მინდა გამოვეხმაურო ევრობიუროკრატების მხრიდან უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, თითქოს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამოუვარდება და რომ საქართველომ ამ ორი ქვეყნის გზით უნდა იაროს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არცერთი ობიექტური სახელმწიფოებრივი კრიტერიუმი ან ეკონომიკური პარამეტრი, რომლითაც საქართველო რომელიმე ზემოაღნიშნულ ქვეყანას ჩამოუვარდება. უფრო მეტიც, აბსოლუტურად ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო რამდენჯერმე უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. ამას ადასტურებს ნებისმიერი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა. ეს დასტურდება ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევებითაც. ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა არის ევროკავშირის ბუფერული ზონა და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი; მოლდოვის პრეზიდენტმა კი არ გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში ევროინტეგრაციის გზაზე რუმინეთთან გაერთიანება. ორივე გზა ნათელია.

ჯერ კიდევ 2011 წელს „ქართული ოცნების“ მანიფესტში ნათლად ეწერა, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს გლობალურ ძალთა დაპირისპირების ადგილი და რომ საქართველო უნდა იყოს გლობალური თანამშრომლობის სივრცე. შესაბამისად, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ყველა სახელმწიფოს მიმართ, საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი. საქართველო ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს - დადასტურებულ დამნაშავეს გვიცხადებს პოლიტპატიმრად. საქართველოს სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა ისტორიის ეს ფურცელი უკვე გადაშალა. საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა. საქართველოს, ნაცვლად ბუფერული ზონისა, შეუძლია, რომ შეასრულოს თავის ისტორიული როლი და მისია და გახდეს დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. იყოს საკვანძო სახელმწიფო ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით გაატაროს ენერგორესურსები და მთელი ის დოვლათი, რომელიც იქმნება ცენტრალურ აზიაში და ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ევროკავშირისთვის. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები: საქართველოს მთავრობა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახორციელებს კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რათა საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ეს მისია ღირსეულად შეასრულოს. საქართველოს მთავრობამ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, ფოთის პორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს საქართველოს რკინიგზის უპრეცედენტო მოდერნიზაცია, სრულდება საერთაშორისო მნიშვნელობის და საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ავტობანის მშენებლობა, აქტიურად მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე მუშაობა, რომელიც უპრეცედენტოა თავის შინაარსით, ის დააკავშირებს ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს.

სწორედ ასე წარმოგვიდგენია საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლის ზრდა. სწორედ ეს არის ევროინტეგრაციის ქართული გზა, სწორედ ეს არის ევროინტეგრაციის მშვიდობიანი გზა, სწორედ ეს გახლავთ ევროინტეგრაციის ღირსეული გზა. საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე ჯიუტად სვლას, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა რომელიმე ევრობიუროკრატს ეს გზა“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.