„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე. პროგრამის მიზანია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის შემცირება მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლებში მდებარე იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და მივლენილი იქნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანატოლებთან ერთად ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
პროგრამის სპეციალურ მასწავლებელს სკოლასთანაც გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება და ის დამატებით მიიღებს სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას. ამასთან, პროგრამის სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და ისარგებლონ უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103416?active=1
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 13 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით.
ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.