ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ

ტაილანდში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ინფლაციურ პროცესებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. 2026 წლის პირველ რვა თვეში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 8.17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქვეყნის საგარეო სექტორის დივერსიფიკაციაზე, ექსპორტის ზრდასა და საფინანსო სისტემის მდგრადობაზე.

საუბარი შეეხო გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას ინფლაციაზე, სასაქონლო ფასებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ინფლაციური რისკის მართვისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის განმტკიცების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის საგარეო შოკების მიმართ მედეგობის საკითხები.

თავის მხრივ, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებით ინარჩუნებს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ძლიერ ბუფერებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.